საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

თუშეთის ინტერნეტიზაციის მოდელი შეიძლება სხვა ქვეყნებშიც გამოვიყენოთ - რაულ ეჩებერია

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

16:41 - 07 ივნისი 2018 hits 4924

„თუშეთში განხორციელებული პროექტი არის არაჩვეულებრივი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ინტერნეტსაზოგადოების, მთავრობის, მოსახლეობის, ასევე სხვადასხვა კერძო კომპანიების თანამშრომლობის საფუძველზე უახლესი ტექნოლოგიები დაინერგოს იქ, სადაც ეს ტექნოლოგიები არასდროს ყოფილა, სადაც ინტერნეტზე წვდომა არასდროს ჰქონიათ. ამ მოდელის გამოყენება შეიძლება მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში“, - განაცხადა თუშეთის ინტერნეტიზაციის პროექტთან დაკავშირებით ამერიკული ორგანიზაციის ინტერნეტსაზოგადოების (ISOC) ვიცე-პრეზიდენტმა რაულ ეჩებერიამ თბილისში ინტერნეტმმართველობის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

თუშეთის ინტერნეტიზაციის პროექტი ინტერნეტსაზოგადოების (ISOC) მხარდაჭერით (40 000 $), საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციამ განახორციელა.

პროექტის ფარგლებში თუშეთი ფიქსირებული რადიოქსელით თელავის რაიონს დაუკავშირდა. აბანოს უღელტეხილზე, დიკლოს მთაზე, ჩიგლაურთას კეხზე, მაკრატელას ქედსა და კოკლათაში, ზღვის დონიდან 3150 მეტრზე და ადგილებში, სადაც სამანქანე გზა არ მიდის, პროექტის განმახორციელებლებმა, ანძები და აპარატურა დასამონტაჟებლად ცხენებით და ხელით აიტანეს.

თუშეთის 30–მდე სოფელში Wi-Fi ინტერნეტი 2017 წლის ივლისიდან გახდა ხელმისაწვდომი. ქსელს ადმინისტრირებას „თუშეთის განვითარების ფონდი“ უწევს. მომსახურებით 30–მდე აბონენტი სარგებლობს, ძირითადად საოჯახო სასტუმროები. რამდენიმე სოფელში, სადაც სატელეფონო კავშირი ამ დრომდე არ არის, მუდმივად თუ სეზონურად მცხოვრებ თუშებს ინტერნეტიზაციის შემდეგ პირველად მიეცათ ტელეფონით დაკავშირების შესაძლებლობა.

თუშეთის ინტერნეტიზაციის პროექტისთვის მხოლოდ 20 ათასი ლარი გამოყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ. ოფიციალური ინფორმაციით, სააგენტომ გამართა ტრენინგები თუშეთის მცხოვრებლებისთვის (15 000 ლარი) და დააფინანსა 28 მოსახლის სათანადო აპარატურით აღჭურვა – 4 200 ლარი.

მართალია, საქართველოს მთავრობამ 2016 წლის 28 ივლისს დაამტკიცა საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამა, მაგრამ პროგრამა ოპტიკური ქსელის მშენებლობას მხოლოდ იმ დასახლებულ პუნქტებში ითვალისწინებს, სადაც მოსახლეობის რაოდენობა მეტია ან ტოლია 200-ის. მოსახლეობის ეს რაოდენობა კი, მაღალმთიანი რეგიონების რომელიმე ერთ სოფელში კი არა, ბევრგან, მთელ ხეობებში აღარ არის დარჩენილი.

მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია ISOC–თან თანამშრომლობით ფშავ-ხევსურეთის ინტერნეტიზაციასაც გეგმავს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში