საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

სკოლის მოსწავლის სარისკო ბიზნესი ზღვის დონიდან 2050 მეტრზე

16:58 - 26 ივლისი 2017 hits 45722

სახლი, რომლის კარიც მხოლოდ ზაფხულში იხსნებოდა, ერთ კვირაში არტ-კაფედ იქცა და ზღვის დონიდან 2050 მეტრზე დამსვენებლებისა და ადგილობრივების საერთო მასპინძელი გახდა.

ბახმაროში პირველი არტ-კაფე 17 წლის მარიამ ეჯიბიამ გახსნა.

არდადეგების დადგომისას მარიამი დასასვენებლად ყოველთვის ბახმაროში ადის. იქ, მამა-პაპისეულ სახლში, თავს ყველაზე კარგად გრძნობს. წლების განმავლობაში იმ ადგილზე ფიქრობდა, სადაც მთაში სიარულით დაღლილი, მეგობრებთან ერთად გემრიელ საკვებს მიირთმევდა, მუსიკას მოუსმენდა და საღამოს საინტერესოდ გაატარებდა. ასე გაჩნდა არტ-კაფის იდეა. 

დედა დაეხმარა და დაახლოებით ერთ კვირაში, ოდა ხელოვნების კერად იქცა. ინტერიერისა და ექსტერიერის გაფორმებაზე, თავად მარიამმა იზრუნა - მეზობლებმა ძველ ალბომებში შემონახული უნიკალური ფოტოები აჩუქეს, ფოტოხელოვანმა გიორგი ისაკაძემ და ფერმწერმა თათია კობრეიძემ კი არტ-კაფეში საკუთარი ნამუშევრები გამოფინეს.

„რატომ დავარქვი არტ-კაფე? იმიტომ, რომ მინდა ხელოვან ადამიანებს საკუთარი შემოქმედების გაზიარების საშუალება ჰქონდეთ. მთის მცხოვრებლებს, ტურისტებს, დამსვენებლებს, ყველას, ვისაც ამის სურვილი ექნება“ - ამბობს მარიამი.

არტ-კაფის გახსნას ადგილობრივები სიხარულით შეხვდნენ. კაფეში 4 ადამიანია დასაქმებული, რომელთაგანაც ორი ადგილობრივია.

ხაჭაპურს ახლომდებარე სოფლის ყველით ამზადებენ, საფირმო ჩაის კი მოცვით, რომელიც გურიის მთებში მოდის. კაფე, ადგილობრივების პროდუქციით მარაგდება.

მარიამის არტ-კაფე ბახმაროში შეკრებისა და ურთიერთობის მთავარ სივრცედ იქცა. სხვადასხვა თემას აქ ადგილობრივები, ტურისტები და დამსვენებლები ერთად განიხილავენ.

15 სექტემბერს მარიამი არტ-კაფის კარს გამოხურავს და ბარში დაბრუნდება, ბახმარო კი 6 თვით თოვლში ჩაეფლობა. მომავალ ზაფხულამდე მარიამმა სკოლის დასრულება და ეროვნული გამოცდების ჩაბარება უნდა მოასწროს.

შემდეგ კი ისევ მთაა, ახალი იდეებითა და სამომავლო გეგმებით.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში